ქართული ტყე
Sunday, January 26, 2014
Friday, January 17, 2014
რა არის ტყე?
ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს.
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანის, ქერქის, ტოტების,ფოთოლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს...) უმდიდრესი წყაროა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ წიწვოვანი მცენარეები, ფიჭვი ნაძვი და ა.შ. თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
Tuesday, January 14, 2014
პროფესორი, სატყეო მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (IAWS, ა.შ.შ.) ელდარ ლობჟანიძე, ქართული ტყის მნიშვნელობისა და მისი ეკოლოგიური პრობლემებზე
რა ხდება საქართველოს ტყეებში დღეს, ჩვენს ცივილიზებულ ეპოქაში?
პოსტსაბჭოთა ხანაში ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა ურთულესმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ საშინელი დაღი დაასვა ადგილობრივ ბიოლოგიურ რესურსებს, განსაკუთრებით ტყეებს. საბჭოთა ხანაში რუსეთიდან საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით კუბური მეტრი ხე-ტყე შემოდიოდა, იყო ალტერნატიული საწვავი: ქვანახშირი, გაზი, ელექტროენერგია, დიზელის საწვავი, რითაც ჩვენი დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციის ტყეები დაუზიანებლად ინახებოდა. 25 წლის წინ ყოველწლიურად საქართველოში 8-10 ათას ჰექტარზე აშენებდნენ ხელოვნურ ტყეებს. ის დრო წარსულს ჩაბარდა, სათბობ-ენერგეტიკული კრიზისიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაიზარდა მოსახლეობის მოთხოვნილება შეშაზე, ასევე, სამშენებლო ხე-ტყეზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის ბუმია და ხე-ტყის დეფიციტი ძირითადად ჩვენი ტყეების ხარჯზე ივსება.
გაიყინა მრეწველობა, მოიშალა სოფლის მეურნეობა, შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ქვეყნიდან გაიზიდა ფერადი და შავი ლითონები, გამოილია ჯართიც, დარჩა ტყე და მთელი სიმძიმე მას დააწვა. ტყე გახდა მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო, დაიწყო ტყის უმოწყალო, განუკითხავი ჩეხვა.
ტყე, რასაკვირველია, უნდა მოიჭრას და გამოიყენონ საშენ მასალად და საწვავად. ტყე ცოცხალი ორგანიზმია და მოუჭრელ-მოუვლელად ისევე დაბერდება და გადაშენდება, როგორც ვაზი გაუსხლავად. ენერგეტიკული კრიზისისა და სიდუხჭირის წლებში ვინ დაუშლის ქართველ გლეხკაცს შეშის მოჭრას ოჯახის საჭიროებისათვის?! “ღმერთს ჩვენთვის გაუჩენია, სარგოდა, მოსახმარადა! და დღესაც არავინ ჰზოგავს ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა,” – ვკითხულობთ ვაჟას გენიალურ “გველის მჭამელში”, მაგრამ ტყის შემდგომი არსებობა მის გონივრულ გამოყენებაზეა დამყარებული. დაცული უნდა იყოს ტყეთსარგებლობის მეცნიერულად დადგენილი წესები, რათა უზრუნველვყოთ ტყის ბუნებრივი განახლება და მისი აღდგენადი რესურსებით უწყვეტი სარგებლობა. ტყის რესურსების წესიერი, გეგმაზომიერი გამოყენება არის ბუნების დაცვის აქტიური ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეული რესურსების კვლავწარმოებასა და უწყვეტი სარგებლობის ხანგრძლივობას.
რამდენად ხდება ტყიდან ხე-ტყის გამოტანისას რეალურად მისი გაჯანსაღება?
სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება. შერჩევით, მტაცებლურად, უსისტემოდ იჭრება კორომის საუკეთესო ხეები, ადგილზე რჩება დაბალი ღირსების, გადაბერებული და ფაუტი ხეები. კორომებში აღარ გვაქვს ელიტური სათესლე ხეები, რომ ტყე მოითესოს, განახლდეს. მკვეთრად ეცემა ტყის სასაქონლო სტრუქტურა.
სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წლებში სატყეო მეურნეობამ და მეტყევე-ინჟინერმა თითქმის დაკარგა ფუნქცია. რეგიონებში აღარაფერს ეკითხებიან სატყეო დარგის სპეციალისტებს. აღარ ფინანსდება დარგი, ჯეროვანი ყურადღება აღარ ექცევა ტყის დაცვა-აღდგენის ღონისძიებებს.
უბედურება იმაშია, რომ პოსტსაბჭოთა ხანაში საქართველოს მთა-ბარში ტყეები უსისტემოდ, ბარბაროსულად ნადგურდება ხე-ტყის საზღვარგარეთ გაყიდვის მიზნით. წლების მანძილზე ჩაქვიდან ბათუმამდე საავტომობილო და რკინიგზა ჩახერგილი იყო საქართველოდან თურქეთსა და ევროპაში ჩალის ფასად გასატანი ეროვნული სიმდიდრით – ძვირფასმერქნიანი სამასალე მორებით. ეს ნედლეული თუნდაც დახერხილ მასალად რომ გაგვეტანა საზღვარგარეთ, შემოსავალი გასამკეცდებოდა, ხალხიც დასაქმდებოდა და ტყეც დაიზოგებოდა, რასაც არაერთხელ აღვნიშნავდით პრესაში.
ნუ მივეცემით ილუზიას, თითქოს ჩვენი მთის ტყეები მიუდგომელია და უგზოობის გამო არ გაჩანაგდება. საქართველოს მთა-ბარსა და ჭალის ტყეებში ნადგურდება მთის ფერდობებისა და მდინარეთა ნაპირების დამცავი კორომები, მათ შორის “საქართველოს წითელ წიგნში” შეტანილი იშვიათი და გადაშენებადი სახეობები. ამიტომ წალეკა ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყერებმა გზები და დასახლებული პუნქტები. გავიხსენოთ, რომ ძველ რუსეთში, პეტრე პირველის განკარგულებით, მდინარეთა ნაპირების გასწვრივ მუხის მომჭრელი სიკვდილით ისჯებოდა.
სამწუხაროდ, გვაქვს ჭრის ფაქტები ხელოვნურად გაშენებული ტყის ნარგაობებსა და ქალაქების ბაღ-პარკებშიც კი. გაჩანაგდა ქარსაფარი ზოლები. ყველაფერს სიდუხჭირეს ნუ დავაბრალებთ. დიდი სამამულო ომის წლებში ლენინგრადის 900 დღიანი ბლოკადის დროს ალყაშემორტყმულ, სიკვდილის ცეცხლოვან რკალში მომწყვდეული ლენინგრადელები გასათბობად ოჯახის ხის ინვენტარს წვავდნენ, მშობლიური ქალაქის ბაღ-პარკებსა და ქუჩებში კი ერთი ხეც არ მოუჭრიათ. ისიც გავიხსენოთ, რომ დიდი სამამულო ომის წლებში, როცა მტერი კავკასიონს მოადგა, თავდაცვითი ნაგებობების ასაშენებლად სამხედრო საბჭოს ბიჭვინთის კონცხზე მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტური სახეობის – ბიჭვინთის ფიჭვის ერთი ხეც არ მოუჭრია, საჭირო ხე-ტყე მთაში დაამზადეს და ეს უნიკალური კორომი ქვეყანას შეუნარჩუნეს. რა იქნებოდა დღეს მსოფლიოში ცნობილი კურორტი “ბიჭვინთა“ ამ ზღვისპირა ფიჭვნარის გარეშე?
რა საფრთხის წინაშე გვაყენებს ტყის მასობრივი ჭრა?
საქართველოს ტყეების 97% მთის ტყეებია და ატარებს ნიადაგდაცვით, წყალდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციას. მთის ფერდობებზე ტყის მოსპობა იწვევს ნიადაგის ეროზიას, მის ჩამორეცხვას, მთის ქანების დაშლას, ღვარცოფებს, მეწყერებსა და ეკოლოგიურ კატასტროფებს.
უსისტემო, მტაცებლური და ინტენსიური ჭრები მთიან ტყეებში ჩვენი მცირემიწიანი და მთაგორიანი ქვეყნის მიწა-წყლის მოსპობის ტოლფასია. ტყის მოსპობით ჩვენს შთამომავლობას გაუდაბნოებულ ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივას ვუქმნით. ამ ფაქტით აღშფოთებული ერის მოჭირნახულე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯერ კიდევ 2000 წლის 10 ოქტომბერს ასე მიმართავდა სრულიად საქართველოს: “მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ხე-ტყის მოჭრასთან და მის საზღვარგარეთ გატანასთან არის დაკავშირებული, ბოროტებად იქცა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. თუ ეს პროცესი არ აღიკვეთა, ჩვენ მოწმენი გავხდებით დიდი ეკოლოგიური კატასტროფისა. ტყეების გაჩეხვა უნდა შეჩერდეს”.
არ შევისმინეთ ერის სულიერი მოძღვრის შეგონება და ქვეყანა სტიქიურმა კატასტროფებმა მოიცვა. ჩვენი მთა-ბარი უბედურებების ზონად იქცა. აჭარაში 7 სოფელი მოწყდა გარე სამყაროს – მოისპო გზები, ხიდები, დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ზვავმა და მეწყერმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო წლებში მარტო აჭარიდან სტიქიით დაზარალებული ასობით ეკომიგრანტი ოჯახი დასახლდა კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში.
ეკოლოგიური კატასტროფა თავს დაატყდა ქართლ-კახეთსაც, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონებს. მდინარე ილტოს ხეობიდან აუცილებელი გახდა 7 სოფლის მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, რადგან ამ სოფლებსა და მიცვალებულთა საფლავებს, წყალდიდობებისა და მეწყერების გამო, სტიქია მდინარეში ჩარეცხვით დაემუქრა. ეკოლოგიური კატასტროფები გრძელდება.
სამწუხაროდ, დღეისათვის არ გვაქვს სრულფასოვანი მონაცემები ტყეების უსისტემო ჭრების შემდეგ ქვეყანაში დარჩენილი ტყის რესურსების შესახებ, დროულად უნდა აღირიცხოს დარჩენილი რესურსები, ყურადღება მიექცეს ტყეების გეგმაზომიერი ექსპლუატაციის, აღდგენისა და დაცვის საქმეს, რათა რაც დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ. დროულად უნდა განხორციელდეს სატყეო დარგის სისტემური რეორგანიზაცია.
ბოლო წლებში გატარებულმა ე.წ. სატყეო რეფორმამ, თანამშრომელთა შტატების მნიშვნელოვანმა შემცირებამ, კვალიფიციური მეტყევე-სპეციალისტების იგნორირებამ და დარგიდან დათხოვნამ, მათ ადგილზე არაკომპეტენტური, შემთხვევითი პერსონალით დარგის დაკომპლექტებამ სატყეო სისტემაში, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში, არასასურველი შედეგი მოგვიტანა.
სატყეო მეურნეობები სატყეო უბნებად გადაიქცა და ტყის მცველს “რეინჯერი” დაერქვა. რატომ ვანაგვიანებთ უცხო სიტყვებით ჩვენს მშობლიურ, მდიდარ “ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას” /ლ.ასათიანი/, რატომ გვავიწყდება ბრძენი წინაპრის შეგონება: “რა ენა წახდეს, ერი დაეცეს”-ო /გ.ორბელიანი/?! ანდა როგორ უნდა დაიცვას და მართოს 10 ათას ჰექტრიანი, სოფლებით დასახლებული ტყის მასივები ერთმა არაკომპეტენტურმა, სატყეო დარგში ჩაუხედავმა პიროვნებამ, ე.წ. “რეინჯერმა”?!
ბატონო ელდარ, როგორ უნდა დავიცვათ ტყე და გადავჭრათ არსებული პრობლემები?
ქართული ტყის აღდგენა-დაცვა-ექსპლუატაცია მოითხოვს დარგის სისტემური რეორგანიზაციის განხორციელებას. სასურველია, აღდგეს წარსულში არსებული სატყეო სისტემა თავისი რეგიონალურ-სტრუქტურული ერთეულებით. აღსადგენია ტყეების პერიოდული აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და მართვის საპროექტო საწარმო, ამჟამად გაუქმებული “საქტყეპროექტი”. ტყეს უნდა დავუბრუნოთ კვალიფიციური მეტყევე-ინჟინერი. ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო, სატყეო მეურნეობა პროფესიონალმა უნდა მართოს.
Subscribe to:
Posts (Atom)