საქართველოში არის სოფლები, სადაც ადრე ტყე იყო, დღეს კი აღარ არის; არის ტყეები, სადაც მხოლოდ მკვდარი ხეებია; ტერიტორიები, სადაც წითელი ნუსხის წაბლის ტყე მთლიანად გაჩეხილია; ტერიტორიები, სადაც ასწლოვანი უნიკალური ასევე წითელი ნუსხის კოლხური ბზის 90%-სდაავადების გამო გამხმარია. სქარათველოს ტყეები მცირდება (როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, "საგანგაშო სურათია" შექმნილი) და ამ ყველაფრის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია.
22 წლის წინანდელი მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 2,7 მილიონი ჰექტარი (38%) ტყით იყო დაფარული. მართალია, აღრიცხვა (ტყითმოწყობა) მოწყობა არ ჩატარებულა, მაგრამ გარემოსდამცველების მტკიცებით, ტყის საფარი გაუთავებელი ჭრების გამო საგრძნობლად არის შემცირებული.ბუნებას აღწარმოების უნარი აქვს, მაგრამ როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 4 მილიონი კუბმეტრის განახლება ხდება, მაშინ როდესაც მათივე მტკიცებით საშუალოდ 6 მილიონი მ3 იჭრება.
ტყის დეგრადირება ხდება იმიტომ, რომ ხის მოჭრას 30-40 წუთი სჭირდება, ერთი ხის გაზრდას კი სულ მცირე 20-30 წელიწადი. ტყეების დეგრადირების გამომწვევი მიზეზებია: ლიცენზიანტების მიერ გრძელვადიანი კომერციული ჭრა, მოსახლეობის მიერ სოციალური (ძირითადად - საშეშე) ჭრა და ტყის დაავადებების გამო გამხმარი მასივები. სამივე სფერო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოვიკვლიეთ და ჩვენ მიერ დანახული პრობლემების მცირე სურათიც აჩვენებს, რომ პრობლემები აშკარაა.
ლიცენზიანტები და უკანონო ჭრა
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, დღეისათვის გრძელვადიანი ლიცენზიით გაცემულია 177 ათასი ჰექტარი ტყე. სულ 68 ლიცენზიაა და ხშირად შემთხვევა, როდესაც ლიცეზიანტები არასწორ და უკანონო ჭრას ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა შერჩევითი წესით 9 ლიცეზიანტი შეამოწმა და 9-ვე შემთხვევაში უკანონოდ მოჭრილი ხეები გამოვლინდა. მათ შორის, ყველაზე დიდი დარღვევა მარტვილში გამოვლინდა - კურზუსა და ტალერის სატყეოში. ლიცენზიანტს წლის განმავლობაში 10 000 კუბმეტრი მერქანი უნდა მოეჭრა და აღმოჩნდა, რომ მეორე იმდენი უკანონოდ იყო მოჭრილი. უკანონო ჭრის გამო გარემოსადმი მიყენებულმა ზარალმა 1,468 მლნ ლარი შეადგინა, ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების ტყეკაფში დატოვების გამო გარემოსადმი მიყენებული ზარალის თანხამ 162 ათასი ლარი შეადგინა. ჯამში კი, საერთო ზარალი 1,6 მილიონით განისაზღვრა.
ჩვენ მიერ ჟურნალისტური გამოძიებით მიკვლეული ეს დარღვევა გარემოსდამცველებისთვისაც კი სიახლე აღმოჩნდა და როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი საერთაშორისო ქსელის "სენის" პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა, ასეთი დიდი ზარალი ჯერ არც ერთ ფართობზე არ ყოფილა აღმოჩენილი და ეს ძალიან
საგანგაშო ფაქტია. მისი თვალსაზრისით, წესით, ამ ლიცენზიანტს ტყეში მუშაობა საერთოდ უნდა აეკრძალოს.
ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამას გარდა 67 ლიცენზიანტი კიდევ არსებობს და მათგან მხოლოდ 8 არის შემოწმებული და უკანონო ჭრა აბსოლუტურად ყველა შემოწმებულს დაუდგინდა, გამოდის, რომ ყველა ლიცენზიანტი არღვევს კანონს და ტყეს უკანონოდ ანადგურებს. სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი პრობლემაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი გრძელვადიანი ლიცენზიების ძალისმიერი მეთოდებით ჩამორთმევას არ აპირებენ, უბრალოდ, "ჩვენ შემოგვაქვს წესები, რომელიც ჭრითსარგებლობის დროს უნდა დაიცვან".
რამდენ კუბმეტრს ჭრიან წელიწადში ლიცენზიანტები და არასწორი და უკანონო ჭრის გამო რა ზარალი ადგება ტყეს, ამაზე იმ მოტივით არ საუბრობს, რომ ტყეთმოწყობა არ ჩატარებულა და არაკვალიფიციურ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"რასაკვირველია, საქართველოში ტყის ფართობი შემცირდა, მაგრამ არა ისე კატასტროფულად, როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აფიქსირებს," - ამბობს გიორგობიანი.
მისი თქმით, ტყეთმოწყობა ანუ ტყის ინვენტარიზაცია, 25 წელია არ ჩატარებულა. 2015 წელს, გერმანელების მხარდაჭერით, იგეგმება ტყის შესწავლა კოსმოსური გადაღებებით, რაც არსებულ ზოგად სურათზე "დაახლოებით წარმოდგენას" შექმნის.
მოსახლეობა და უკანონო ჭრა
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ლიცენზიანტებზე არანაკლებ მოსახლეობა სცოდავს. ხეებს ჭრის იქ, სადაც ადვილად მისასვლელია და არა იქ, სადაც ოფიციალურად არის მისთვის ტყეკაფი გამოყოფილი. ამიტომაც დღეს ასეთი სურათია, სადაც გზა მიდის, იქ ტყე არ არსებობს და ხეები მხოლოდ მიუვალ ტერიტორიებზეა შემორჩენილი.
მოსახლეობის მიერ უმოწყალოდ გაჩეხილი ტერიტორიის ნათელი სურათი კურორტ ბაკურიანშია. აქ 940 ოჯახი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ სოფელი გაზიფიცირებულია, 95% მაინც შეშით თბება, რადგან გაზის გადასახადი ძალიან მაღალია. სამი წლის წინ ტყის საკურორტო და მწვანე ზონის ტყეებში (4,813 ჰა-ზე) სოციალური ჭრა დაიშვა. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივ მოსახლეობას და სასტუმროებს გათბობისათვის ყოველწლიურად დაახლოებით 12,000 კუბმეტრი საშეშე მერქანი ესაჭიროება. ბაკურიანის სატყეოში ხდება აგრეთვე საშეშე მერქნის მოპოვება ახალქალაქის და ნინოწმინდის მოსახლეობისათვის (დაახლოებით 3,000 კუბმეტრ). ტყეების მდგომარეობის და მერქნის მოპოვების წესების გათვალისწინებით, ეს მოცულობა ბევრად აღემატება მერქნის მოპოვების დასაშვებ ოდენობას. ამ ყველაფრის შედეგად ბაკურიანის ტყეებს გამეჩხერება მართლაც თვალნათლივ
ეტყობა. აქ ყოველგვარი საგულდაგულო ძებნის გარეშე ნახავთ მოჭრილი ხეების რიგს და მოტიტვლებულ ადგილებს.
სტატისტიკით, საქართველოს მოსახლეობა 4,4 მილიონი ადამიანია, აქიდან სოფლად ცხოვრობს - 2,073 მილიონი. ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში მოსახლეობა 3,5 მილიონი კუბმეტრს შეშას მოიხმარს.
ბიძინა გიორგობანის თქმით, შეშაზეა დამოკიდებული ყველა რაიონი და ყველა სოფელი და პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა სამერქნე რესურსს ჭრის იქ, სადაც ახლოა და გზა მიდის და სწორედ ეს ანადგურებს ტყეს.
"იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა ტყეკაფს ითხოვს, ტყის სიხშირე დაცემულია იმდენად, რომ ტყეკაფის გამოყოფა წარმოუდგენელია, მოსახლეობას კი უნდა, რომ რაც დარჩენილია, ისიც მოჭრას. იმიტომ, რომ თავი არ შეიწუხონ და მოშორებით არ წავიდნენ. ვისაც შეშის მომარაგება უნდა, შეშა უკვე მომარაგებული აქვს და ძალიან ხშირად ის ადამიანები აქტიურობენ, რეკავენ და ლაპარაკობენ, რომლებიც შეშით ვაჭრობენ. ისინი ბანკში 6 ლარად ყიდულობდნენ კუბ-მეტრზე ტყეთსარგებლობის უფლებას, მთლიან ტყეკაფებს ყიდულობდნენ, 60-კაციან ბრიგადებს ქმნიდნენ, სამხიდიანი მანქანებით და ბენზინის ხერხებით შედიოდნენ ტყეში და ამ აღებული ბილეთებით მოჭრილ ხეებს მოსახლეობაზე ათმაგ ფასში ყიდდნენ", - ამბობს გიორგობიანი.
მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით, თითო კომლს შეუძლია 7 კუბმეტრამდე შეშა იყიდოს. დღევანდლამდე კი ყველას განუსაზღვრელი რაოდენობით შეეძლო შეშის ყიდვა და ამან მასობრივ გაჩეხვამდე მიგვიყვანა.
გიორგობიანი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში სატყეო ძალიან სერიოზული რეფორმის განხორცილებას გეგმავს და "ადამიანს, რომელმაც არ იცის, სწორად როგორ უნდა მოჭრას, ტყეში არაფერი ესაქმება".
დაავადებები და ისევ უკანონო ჭრა
ტყეების შემცირების მესამე მიზეზი, ეს დაავადებული ფართობების არსებობაა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, რადგან 25 წლის მანძილზე კვლევა არ ჩატარებულა, რთულია რეალური მდგომარეობის შესახებ ზუსტი ციფრის დასახელება. თუმცა რაღაც მონაცემი მაინც არსებობს. სამცხე-ჯავახეთის წიწვოვნებში 26 000 ჰექტარზე ჩატარდა გამოკვლევა და მათგან დაავადებული დაახლოებით 23 000 ჰექტარია; ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის წიწვოვნებში მავნებლების დაზიანებით გამხმარია და ხმობადია 22%-მდე ნაძვის ხე; იმერეთში - ტყიბულში, ჭიათურასა და ზესტაფონში ძირითადად წაბლის კიბოთი დაავადებულია 16 000 ჰა-ზე არსებული ხეები. დაავადების შედეგად გამხმარია კოლხური ბზის კორომები მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. საქართველოს ტყეების დიდ ნაწილს საფრთხეს უქმნის როგორც სოკოვან-ვირუსული დაავადებები, ასევე ტყის მავნებლები.
იმერეთში დაავადებულ ხეებთან საბრძოლვევად სანიტარიული ჭრის ლიცენზიები გაიცა. ლიცენზიანტებს დაავადებული წაბლის მერქანი უნდა მოეჭრათ და ნაცვლად ახალი ნერგები დაერგოთ. წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი უცხოეთში ძალიან ძვირად ფასობს, ერთი ძირი ხე 4 ათას ევროს იძლევა და ამიტომაც სანიტარიულმა ჭრამ მახინჯი, კომერციული ჭრის სახე მიიღო. ამ ბიზნესში ჩართულები დაავადებულის ნაცვლად საღ ხეებს ნიშნავენ და
ჭრიან. ამიტომაც საბოლოოდ ტყეში მხოლოდ დაავადებული და გამხმარი ხეები დარჩა, ახალი ნერგები კი არ ირგვება.
ასეთი იყო ჭიათურის რაიონში ჩვენ მიერ გამოკვლეული გეზრულის წაბლის ტყე. ზემოიმერული სოფელი გეზრული, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ დაბურული წაბლნარის შუაგულში იყო მოქცეული, ტყის გარეშე რჩება. როგორც აღმოჩნდა, გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა ორჯერ უკვე დადგინდა და ჯამში 191 ათასი ლარის ზარალზე იყო საუბარი.
ვინ უფრო ვნებს ტყეს
რეზო გეთიაშვილის თქმით, ლიცეზიანტებმა იციან, რომ უკანონო ჭრის გამო დააჯარიმებენ, მაგრამ ფინანსური მოგება უღირთ იმად, რომ ჯარიმა გადაიხადონ. თუმცა იქვე დასძენს, როს თუკი წლების წინ ყველაზე დიდი პრობლემა ლიცენზირებული ტყეები იყო, დღეს უფრო დიდი პრობლემა სოცილაური ჭრაა.
ორგანიზაციამ სამეგრელოსა და მთიანეთში კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მაგალითად, სამეგრელოში წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სოფლებში ერთი კომლი წელიწადში საშუალოდ 8 კუბ.მ. შეშას და 1 კუბ.მ. სამასალე მერქანს მოიხმარს. მუნიციპალიტეტის მონაცემებით, შეშაზე ყოველწლიური მოთხოვნა შეადგენს: წალენჯიხა - 60,000 კუბ.მ. ჩხოროწყუ - 50,000 კუბ.მ. მაგალითად, სოფელ ნაფიჩხოვოში აცხადებენ, რომ ხურუს ხეობაში, სადაც სოციალური ტყეკაფებია გამოყოფილი, ვერც ერთი ტიპის მანქანა ვერ მიდის. შესაბამისად, შეშის დამზადებას და ჩამოტანას 10-15 დღე სჭირდება. ეს კი მოსახლეობას ხელმისაწვდომ ადგილებზე უკანონო ჭრის განხორციელებას აიძულებს.
ლიცენზირებული ტყეების ყველა ჭრაგავლილ ტყეკაფში არის ძირნაყარი ხე-ტყე და ჩახერგილობის პრობლემა, თუმცა მეპატრონე მოსახლეობას ტყეში დარჩენილ ნარჩენებს არ აძლევს.
გეთიაშვილი ამბობს, რომ დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი დეგრადირებელია. მისგან განსხვავებით ტყის განადგურებას სწორედ ლიცენზიანტებს აბრალებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე.
ის ამბობს, რომ საქართველოში ტყე ბოლო 22 წელია განიხილება, როგორც ფისკალური ეფექტის მომტანი, ანუ ტყის ჭრით ვიღაცას შეუძლია სარგებელი მიიღოს და ტყეები სწორედ ამან გაანადგურა.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მერქნის საერთო მარაგი - 451.7 მილიონი კუბური მეტრია, რაც მსოფლიო მერქნის მარაგის 0.13%-ს შეადგენს. ტყის ფონდის ტყეების 97% დიდი დაქანების ფერდობებზეა განფენილი, დანარჩენი 3% დაბლობი ტყეებია.
ტყეების დიდი მასივები 35 გრადუსზე მეტი დახრილობისაა, სადაც დღევანდელი კანონმდებლობით ჭრა დაუშვებელია და სწორედ 25 გრადუსიდან 35 გრადუსამდე ჭრის დაკანონებამ მეწყერების და ზვავებს ჩამოწოლის დამატებითი საფრთხე გამოიწვია.
ჩხობაძე ამბობს, რომ საქართველოში შეშისათვის ტყე ყოველთვის იჭრებოდა. საბჭოთა დროს სოფლებში არა თუ გაზიფიცირება, შუქიც კი არ იყო მიყვანილი. მოსახლეობა ტყით თბებოდა. ამიტომაც შეშის მიწოდება ტყეების იმდენად დეგრადირებას არ იწვევს, რამდენადაც პრობლემას კომერციული ჭრა ქმნის.
"წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით 20 წლის წინ მოსახლეობა სოფლად ბევრად მეტი იყო, ვიდრე დღეს და შესაბამისად, მათ მეტი შეშა სჭირდებოდათ. ადრე კომერციული ჭრა არ ხდებოდა, ამიტომაც გრძელვადიანი ლიცენზიები და ამას პლუს უკანონო ჭრის ძალიან მაღალი პროცენტი ტყის დეგრადირებას იწვევს. უკანონო ჭრას კი ახორციელებს მოსახლეობაც და ლიცენზიანტიც," - ამბობს ჩხობაძე.
მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტყის ბუნებრივი განახლება დაახლოებით 4 მილიონი კუბმეტრია და ამავდროულად დეგრადირებულ ტყეებს შევხედავთ, გამოდის, რომ წელიწადში 4 მილიონ კუბმეტრზე ბევრად მეტი, დაახლოებით, 6 მილიონი კუბმეტრი ტყე იჭრება, ამიტომაც დეგრადირებული ტყეების ძალიან მაღალი 40-50% გვაქვს.
თუ რა მდგომარეობაა ქართულ ტყეებში, ამ პრობლემაზე ზოგადი სასიგნალო კლევის შედეგი "სენმა" შემოდგომაზე გამოაქვეყნა. ორგანიზაციის, ასევე ერონული სატყეო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმართველობების თანამშრომლობით, 7 რეგიონის 1933 სოფლის მოსახლეობა გამოიკითხა.
მოსახლეობის შეფასებით, ტყეების მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ტყეს დაკარგული აქვს რეკრეაციული და ესთეტიკური ღირებულება; გაკაფულ ფერდობებზე დაწყებულია ეროზიული პროცესები, ფერდობები ჩამორეცხილი და დამეწყრილია, გაზრდილია ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების რისკი; მძიმე მდგომარეობაა სატყეო გზებთან დაკავშირებით - ინტენსიურად მიმდინარეობს მათი დახრამვა. ამის გამო ზოგ სოფელს სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნა.
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მოსახლეობის 96% გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად შეშას იყენებს. დანარჩენ რეგიონებში ეს ციფრი 75-დან 91%-მდე მერყეობს. სამეგრელოს ზემო სვანეთის სოფლების 58%-ში შეშაზე ხელმისაწვდომობა ბოლო წლებში შეიზღუდა. კახეთში ეს მაჩვენებელი 53%-ია.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წითელი ნუსხის სახეობები ყველა რეგიონში იჭრება და მოსახლეობა მას საშეშედაც კი ჭრის. ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლების 90%-ში აცხადებენ, რომ ტყეში იჭრება წითელი ნუსხის სახეობები, დანარჩენ რეგიონებში ეს მაჩვენებელი 70-80%-მდე მერყეობს.
სოფლებში ოჯახების ძირითადი წყარო თანაბრად ხე-ტყის ჭრა და მიწის დამუშავებით მიღებული შემოსავლებია. რაჭა-ლეჩხუმის სოფლების 36%-ში ოჯახების ძირითადი შემოსავლის წყარო ტყის რესურსის გამოყენებაა და იგი 7%-ით აღემატება იმ სოფლების რაოდენობას, სადაც შემოსავლის ძირითად წყაროდ სოფლის მეურნეობას ასახელებენ. აღნიშნული პროპორცია თანაბარია კახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
ანგარიშის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლების 81%-ში მიიჩნევენ, რომ ტყეების მდგომარეობისა და სატყეო სექტორის მართვის სისტემის ცვლილებებმა ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გააუარესა. მცხეთა-მთიანეთში ეს მაჩვენებელი 77%-ია, ქვემო ქართლსა და აჭარაში კი - 68-69%.
გამოკითხულები გაუარესებაში გულისმობენ: შემოსავლების შემცირებას ტყის მერქნული და არამერქნული რესურსიდან; შემოსავლების შემცირებას სოფლის მეურნეობიდან; სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვარ-სათიბების დეგრადაცია-შემცირებას და სასმელი წყლის დეფიციტს.
ტყის გაჩეხვის შედეგი
ხე-ტყის უსისტემოდ გაჩეხვამ ბევრი უარყოფითი მოვლენა უკვე მოგვიტანა. რეზო გეთიაშვილის თქმით, თავად მოსახლეობა მიუთითებს ყველგან, რომ წყაროები დაშრა, მდინარეები შეიცვალა ნებისმიერ რეგიონში პატარა ხევიც კი უკვე ღვარცოფულია. ტყეები წყალმარეგულირებელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.
"მდინარეები რომ ნახოთ, ძალიან ხშირ შემთხვევაში კალაპოტი უფრო მაღლაა, ვიდრე ნაპირი. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა წვიმაც საკმარისია, მდინარე კალაპოტიდან რომ გადმოვიდეს. ნაპირებზე კი არის სახლები, ვენახები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, გზები. როდესაც ვიგებთ, რომ წვიმა მოვიდა და ამას წყალდიდობა მოყვა, ეს წვიმის ბრალი არ არის, ეს იმის ბრალია, რომ ტყეებია გაჩეხილი. ეს ბევრგანაა და ძალიან თვალნათელია," - ამბობს გეთიაშვილი.
სპეციალისტების დასკვნით, ასეთი პრობლემურია კახეთში ხოდაშენის ხევი, რომელიც წვიმის დროს დიდდება და ალავერდის ტაძარსა და მიმდებარე შვიდ სოფელს - ხორხელს, იმერლიანთ უბანს, ოჟიოს, კოღოთოს, ალავერდს, ზემო ხოდაშენს, ჩაბინაანს და იყალთოს გარკვეულ ტერიტორიებს მუდმივად დატბორვის საფრთხის წინაშე აყენებს.
აღსანიშნავია, რომ ალავერდის მონასტრის ტერიტორია წელსაც, ივნისში, დაიტბორა.
ჩვენ გვაქვს სოფლები, სადაც ტყე საერთოდ არ არის. მაგალითად, დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ ფიროსმანსა და სამთაწყაროში არ იყო იმდენი ხე-ტყე, რომ მოსახლეობის შეშით დაკმაყოფილება შეძლებოდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც გათბობისთვის სხვა რესურსი არ გააჩნდა, მდინარე ალაზნისპირა ჭალებს კაფავდა. ამიტომაც ალაზნის ნაპირებზე ჭალის ტყეები თითქმის აღარ დარჩა. ეს კი საგანგაშოა. ერთი, რომ ჭალის ტყეები მდინარის ნაპირებს ეროზიისგან იცავენ და ამიტომაც ის კანონით დაცული ტყეები იყო, საიდანაც მერქნული რესურსის გამოტანა არანაირად არ შეიძლებოდა, გაჩეხვა ამ პრობლემას ძალიან ამწვავებს. გარდა ამისა, ამ ტყის განადგურებას მეორე პრობლემაც ახლავს თან. ეს მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი საზღვარიცაა. ამ მონაკვეთზე საზღვრის დემარკაცია გაკეთებული არ არის, მდინარე კი კალაპოტს იცვლის და ტერიტორიებს ვკარგავთ.
გეთიაშვილით თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც კლიმატი უფრო მშრალია და მიდრეკილი გვალვებისაკენ, ტყის თვითაღდგენა უფრო ნელა მიმდინარეობს, გაჩეხვა კი უფრო სავალალო შედეგს იწვევს - გაუდაბნოების ჩათვლით.
ნინო ჩხობაძის თქმით, აღმოსავლეთ საქარველოში გაუდაბნოების პრობლემა, დასავლეთში კი სახეზე მეწყერების მოხშირება გვაქვს.
"ბოლო წლების განმავლობაში მეწყერსაშიში ზონების რაოდენობა გაიზარდა და სულ ახლახან სვანეთში, სადაც ტყეს ძირითადად ლიცენზიანტები ჭრიან, მოსახლეობის გადასახლება მოუწიათ.
No comments:
Post a Comment